2026 წლის მარტში, ლოსთ რიჯის რანჩოზე, საცხენოსნო ტურების გიდების კურსი ჩატარდა.
საქართველოში საცხენოსნო ტურიზმი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, რაც დღის წესრიგში კვალიფიციური კადრების მომზადების აუცილებლობას აყენებს. სწორედ ამ მიზნით, 2026 წლის მარტში, კახეთში, კერძოდ კი ლოსთ რიჯის რანჩოზე, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის საცხენოსნო ტურების გიდების მორიგი სასწავლო კურსი ჩატარდა.
რატომ ლოსთ რიჯის რანჩო?
ლოსთ რიჯის გუნდის და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ინიციატივით შეიქმნა სასწავლო პროგრამა, რომლის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით დათუნა რაქვიაშვილს, ია თაბაგარს და გიგა ხარხელაურს.
ასევე, სპეციფიკური საცხენოსნო ტრენინგებისთვის ადგილ-მდებარეობის შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ლოსთ რიჯის რანჩო წლებია დამკვიდრდა, როგორც საცხენოსნო კულტურის ცენტრი საქართველოში. მისი მრავალფეროვანი რელიეფი, მოვლილი ცხენები და დასავლური სტანდარტების მართვის სტილი იდეალურ პირობებს ქმნის იმისთვის, რომ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სტუდენტებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში, რეალურ გარემოში გამოსცადონ.
ლოსთ რიჯის რანჩო, როგორც ყოველ წელს, წელსაც პროექტის ერთ-ერთი სპონსორი და მასპინძელია. თუმცა ლოსთ რიჯის რანჩოს ფუნქცია სცილდება მასპინძლობას, რადგან ეს არის გააზრებული სოციალური პასუხისმგებლობა და ინვესტიცია ქართული საცხენოსნო ტურიზმის მომავალში. ყოველწლიური სპონსორობა კიდევ ერთხელ ადასტურებს რანჩოს მესვეურების სურვილს, ქვეყანაში დამკვიდრდეს უსაფრთხო ცხენოსნობის პრინციპები და საცხენოსნო ტურიზმის ეთიკა.
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა:
- ტურის მართვას
- უსაფრთხოებას
- ცხენით ლაშქრობებს
- გიდებისა და მხედრების კომუნიკაციას
- პირველად დახმარებას
- ცხენის ფსიქოლოგიასა და
- გარემოზე ზრუნვას.
კურსდამთავრებული გიდები ემზადებიან, უპასუხონ არაერთ გამოწვევას, რაც ბარის მარტივ თუ მაღალმთიან რთულ რელიეფზე მოგზაურობისას შეიძლება წარმოიქმნას.
კურსის მსვლელობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საპატიო ტრენერის, ცნობილი მთამსვლელის — ბიძინა გუჯაბიძის მონაწილეობას. მან კურსის მონაწილეებს გაუზიარა უნიკალური გამოცდილება საველე პირობებში თოკებთან მუშაობის, ცხენის უსაფრთხო დაბმისა და მთის რთულ რელიეფზე უსაფრთხო გადაადგილების მეთოდების შესახებ. ბიძინა გუჯაბიძის ჩართულობამ მომავალ გიდებს მისცა ის აუცილებელი პრაქტიკული ცოდნა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ექსტრემალურ პირობებში ტურისტების უსაფრთხოების დასაცავად.
საბოლოო ჯამში, ლოსთ რიჯის რანჩოს, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის და გიდების ეს თანამშრომლობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისკენ, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე საცხენოსნო თავგადასავლების ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და მიმზიდველ მიმართულებად იქცეს.
