კოშკი რომლის შესახებაც მოგითხრობთ, ზემო სვანეთში, ბეჩოს თემში, მდინარე დოლრაჭალის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში მდებარეობს. ამჟამად მხოლოდ მისი ნანგრევებია შემორჩენილი, მაგრამ 1924 წლამდე ამ კოშკს უამრავი ქართველი მკვლევარის თუ წარჩინებულის, ასევე მრავალი უცხოელი მოგზაურის, გეოგრაფ-გეოლოგისა თუ მთასვლელის ისტორია უკავშირდება.

სვანეთის ლეგენდარული საგუშაგო და დადეშქელიანთა მემკვიდრეობა
მაზერის კოშკის აგების თარიღი უცნობია, თუმცა ოდითგანვე ის დადეშქელიანთა საგვარეულოს ეკუთვნოდა და გადმოცემის თანახმად კოშკი შუა საუკუნეებში უნდა აეგოთ სიძლიერისა და ძალაუფლების გამოხატვის, ასევე თავდაცვის მიზნით.
მაზერის კოშკი 20-25 მეტრი სიმაღლის იყო და 5 სართულისაგან შედგებოდა. სართულები ერთმანეთს უკავშირდებოდა შიდა ხის კიბეებით. კოშკი გადახურული იყო ორფერდა სახურავით და რამდენიმე ვიწრო ფანჯარა ჰქონდა გამოჭრილი. კოშკი რიყის ქვითა და ლოდებით იყო აგებული, გარედან ბათქაშით იყო შელესილი, რომელიც იმდენად გამძლე აღმოჩნდა, რომ დღევანდლამდეც კი შემოინახა. კოშკი საცხოვრებელ ნაგებობას უკავშირდებოდა.
მაზერის კოშკს საგუშაგო-სათვალთვალო ფუნქციაც ჰქონდა. საშიშროების შემთხვევაში კოშკზე ცეცხლს ანთებდნენ. ალის დანახვისას მთელი ხეობა საომარ მზადყოფნაში მოდიოდა. შეზღუდული ხილვადობისას კოშკიდან სიგნალი თოფის სროლით გადაიცემოდა.
მაზერის კოშკი სვანეთში – ისტორია, კულტურა და დაკარგული საგანძური
1924 წელს დადეშქელიანებს, ისე როგორც მთელს საქართველოს “საბჭოთა” რისხვა დაატყდათ თავს. მაზერის კოშკის აფეთქებას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ სვანეთში სპეციალურად გაგზავნილი რაზმები. მათ გადაწვეს ძველი ფოტო-არქივი, იშვიათი წიგნები, მოგზაურთა ჩანაწერები, თან წაიღეს ან გაანადგურეს საომარი იარაღის და სანადირო აღჭურვილობის იშვიათი ნიმუშები, დადეშქელიანთა ოჯახისათვის საჩუქრად მირთმეული ნივთები და ნახატები. ავეჯისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მხოლოდ მცირე ნაწილი, საბედნიეროდ მესტიის მუზეუმში აღმოჩნდა.
ამ სევდიანი ისტორიის გარდა დადეშქელიანების კოშკი და კარ-მიდამო მრავალი ლხინის, სტუმრიანობისა და საინტერესო ისტორიული ფაქტების მომსწრე გამხდარა.
მე-20 საუკუნის 80-90-იან წლებში, ადგილობრივი უხუცესი მთხრობელები გვიამბობდნენ, რომ მე-18 საუკუნის დასასრულიდან მოყოლებული, ვისაც კი ბეჩოსა და ეცერში ან საერთოდ ზემო სვანეთში აუვლია და ჩაუვლია, მათი უმრავლესობა დადეშქელიანებს სტუმრობდა და ისინიც სვანებისათვის დამახასიათებელ ღირსეულ სტუმარ-მასპინძლობას არ აკლებდნენ შორეული ქვეყნებიდან ჩამოსულ მოგზაურებს, მკვლევარებსა თუ მთამსვლელებს.
(ფაქტები ეყრდნობა ნინო ალმასგირის ასულ კვიციანის, უკა ქვიანის ძე ვეზდენის, ბინაგვერ გელას ძე დადეშქელიანის (აწ გარდაცვლილნი) და სხვა ადგილობრივ მცხოვრებთა ნაამბობს).
მოგზაურთა ძირითად მიზანს უღელტეხილების და სტრატეგიული გადასასვლელების დაზვერვა, მწვერვალების დალაშქვრა, მყინვარების აღწერა, ფოტო ფირებზე ლანდშაფტის აღბეჭდვა, ხალხის ყოფა-ცხოვრების შესწავლა და რასაკვირველია ცნობისმოყვარეობა წარმოადგენდა. სვანეთის ბუნებით, კოშკური არქიტექტურით, უძველესი კულტურით და მთის ხალხის წეს-ჩვეულებებით მოხიბლულნი მომდევნო წლებში ისევ უბრუნდებოდნენ ამ იდუმალებით მოცულ, ლეგენდად ქცეულ კუთხეს.
მაზერის კოშკის ერთ-ერთი უკანასკნელი ბინადარი – ბექირბ დადეშქელიანი მოზრდილ ხარს აკვლევინებდა თურმე მრავალრიცხოვანი სტუმრებისათვის კერძების მოსამზადებლად და ასობით პურს, ხაჭაპურსა და კუბდარს აცხობინებდა. მის კარ-მიდამოში 9 კერა იყო გამართული, სადაც დადეშქელიანების დიდი ოჯახის წევრები, მეზობლები და ნათესავები ფუსფუსებდნენ. სპეციალურ “სკივრებში” ხორბლის იშვიათი ჯიშები ინახებოდა, რომელთაგანაც უგემრიელეს გულიან პურებს აცხობდნენ სტუმრიანობის და დღესასწაულების შესაბამისად.
მართალია, ზემო სვანეთში ვაზი არ ხარობს და შესაბამისად ღვინოს ვერ აყენებდნენ, მაგრამ ბარიდან მიჰქონდათ სხვა სანოვაგესთან ერთად და საპატიო სტუმრებს ღვინითა და არყით უმასპინძლდებოდნენ. მყინვარებიდან გამომდინარე ანკარა მდინარეებში დაჭერილი კალმახი კი სუფრის ნამდვილი მშვენება იყო.
საპატიო სტუმრებს სანადიროდ პატიჟებდნენ, გამყოლობას მათ, მასპინძლებთან ერთად, ხეობის გამოცდილი და სახელგანთქმული მონადირეები უწევდნენ.
წვეულებების დროს მასპინძლები მრავალხმიან სიმღერებს ასრულებდნენ სტუმართა საპატივცემულოდ, ხოლო გამგზავრებისას სტუმრებს თექისაგან დამზადებულ ქუდებს ჩუქნიდნენ სამახსოვროდ. გამოთქმას “ღმერთი გფარავდეთ” – “ჯვარი გფარავდეთ” სვანეთში ახლაც პირდაპირი მნიშვნელობა აქვს, რადგან სვანურ ქუდზე გრეხილი ძაფი ისეა გადაჭიმული, რომ ზედა ნაწილზე ჯვრის გამოსახულებას ქმნის.
არაერთი მოგზაური ეწვია სვანეთს, რომ კავკასიონის ქედის ულამაზესი მწვერვალი – უშბა (4,700 მ) ეხილა საკუთარი თვალით ან ფოტო ფირზე აღებეჭდა უშბის მიუდგომელი კლდეები და მყინვარები.
მართალია დადეშქელიანების არქივი 1924 წელს განადგურდა, მაგრამ უიშვიათესი ფოტო მასალა შემოინახა იტალიელი ფოტოგრაფის – ვიტორიო სელას, ამერიკელი გეოგრაფის – უილიამ ოსგუდ ფილდის და სხვათა არქივებში. მათი ღვაწლი შეუფასებელია იმდროინდელი ლანდშაფტების, არქიტექტურის, საგანძურის, ადამიანთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი ფოტოების შემონახვის საქმეში. უშბის დამლაშქრავი, ამავდროულად მაზერის სტუმარი იყო, რადგან სოფლის ახლოს მდებარე მყინვარებიდან იწყებოდა დამღლელი და ხიფათით აღსავსე გზა უშბისაკენ.
1888 წელს უშბის ჩრდილოეთ მწვერვალი ჯონ გარფორდ კოკინმა (ჟოჰნ Gარფორდ ჩოკკინ) და ულრიხ ალმერმა (Uლრიცჰ Aლმერ) დალაშქრეს.
1903 წელს კი სამხრეთ მწვერვალი რიკმერ–რიკმერსის (B. ღიცკმერ-ღიცკმერს) ჯგუფმა დალაშქრა: ბრიტანელი (ფლორენს ქროუფორდ გროუვი / ლორენცე ჩრაუფორდ Gროვე, ჰაროლდ ენდრიუ რაიბორნი / Hაროლდ Aნდრეწ ღაებურნ, ფრედერიკ გარდნერი / Fრედერიცკ Gარდნერ, ჰორას ვოლკერი / Hორაცე ჭალკერ), ავსტრიელი და შვეიცარიელი მთასვლელების მონაწილეობით.
სვანთაგან უშბაზე პირველად, 1903 წელს, გაბედული მონადირე, მურათბი კიბოლანი ავიდა ინგლისელ მთასვლელებთან ერთად. მას არავინ დაუჯერა, რადგან უშბის მწვერვალი მიუღწევლად ითვლებოდა. შეუპოვარი მონადირე მეორედ ავიდა უშბაზე და ასვლის ნიშნად მწვერვალზე ცეცხლი აანთო. ამ უცნაურ ამბავს დღესაც მოგითხრობენ სოფლის უხუცესები.
მთამსვლელები განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ ადგილობრივი მოსახლეობის თვალში. ამიტომაც ბექირბ დადეშელიანის განკარგულებით, უშბის ერთ-ერთი წარმატებული დალაშქვრის შემდეგ, მაზერისკენ მიმავალ მთამსვლელებს, სოფლის გზა ცეცხლოვანი მაშხალებით განათებული დახვედრიათ. მთამსვლელები სვანური წესით დაულოცავთ უხუცესებს და დიდი ნადიმიც გაუმართავთ მათთვის.
ბეჩოს ხეობასა და სოფელ მაზერს ქართველი საზოგადო მოღვაწეებიც სტუმრობდნენ სხვადასხვა მიზნებით: ფოლკლორისა და ეთნოლოგიის შესასწავლად, ექსპედიციების მსვლელობისას ან უბრალოდ უცხოელ მოგზაურებთან შესახვედრად.
სხვადასხვა დროს, სტუმართა შორის იყვნენ ბესარიონ ნიჟარაძე (XIX საუკუნის საზოდაგო მოღვაწე, სვანეთის ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის მკვლევარი), ეგნატე გაბლიანი (1881-1937 წწ, სვანეთში საგანმანათლებლო სკოლებისა და მუზეუმის დამაარსებელი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული წიგნების ავტორი და სვანეთის საავტომობილო გზის მშენებლობის ინიციატორი).
გიორგი ნიკოლაძის (1888-1931 წწ, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ტურიზმისა და ალპინიზმის განყოფილების დამფუძნებელი) ინტერესი მთასვლელობის განვითარება იყო.
მაზერის კოშკის საიდუმლოებები – სვანეთის შუა საუკუნეების ისტორია
მაზერის კოშკს, ერთ-ერთი ექპედიციის დროს სტუმრობდნენ ექვთიმე თაყაიშვილი (1863-1953 წწ, ცნობილი ისტორიკოსი, არქეოლოგი, საზოგადო მოღვაწე); პოლიევქტოს კარბელაშვილი (1855-1936 წწ, ისტორიკოსი, ჰიმნოგრაფი, სასულიერო პირი, მგალობელი), ზაქარია ფალიაშვილი და სხვები.
თავად ბეჩოს ხეობა, სადაც ისტორიული მოვლენები ვითარდებოდა საინტერესოა მრავალი კუთხით. ბეჩო ისტორიული თემია, რომელიც თერთმეტ სოფელს აერთიანებს: მაზერი, გული, ჭოხულდი, უშხვანარი, დოლი, ჭკიდანარი, ბაგვდანარი, ნაშდქოლი, ტვებიში, ქართოვანი, ებუდი. ბეჩოს ხეობაში ეკლესიები მხოლოდ ჭოხულდსა და გულში შემორჩა. ჭოხულდის მაცხოვრის ეკლესია XI ს-ია აგებული, XIII ს-ში კი მოუხატავთ. აქ ინახება XIII ს-ის წმ. მთავარანგელოზის ხატი. ბეჩოს თემი შედიოდა სადადეშქელიანო სვანეთის შემადგენლობაში. ბეჩოდან ჩრდილო კავკასიაში (3375 მ) უღელტეხილი გადადიოდა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სვანეთის ჩრდილო კავკასიასთან დასაკავშირებლად. ამ კავშირმა განაპირობა სვანების და ჩრდილო-კავკასიელების მოყვრობა და დანათესავება. არაერთი რომანტიკული სიყვარულის ისტორია და პოლიტიკური სარჩულით დაქორწინების ამბავი შემორჩა დღევანდელობას. ყაბარდო-ბალყარელები და ჩერქეზები განსაკუთრებული მოწიწებით ახსენებენ მეზობელ სვანებს. კონსტანტინე დადიანის და ელენე (დაუმხან) დადეშქელიანის ვაჟმა – მუშნი დადიანმა აღწერა უსაზღვრო პატივისცემა და მასპინძლობა, როდესაც რუსეთის პირველი რევოლუციის შედეგების თავის დასაღწევად 1906 წელს მოუწია ბეჩოს უღელტეხილით ბალყარეთში გადასვლა.

მაზერის კოშკი და დადეშქელიანები – სვანური ტრადიციები და ისტორიული ამბები
სვანეთში ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ისეთივე მკაცრია, როგორც თავად ბუნება და ცხოვრების წესი. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია დადეშქელიანების ოჯახის ქალებისთვის, რომ შიხრის ველზე ქალების მონაწილეობით დოღი გაემართათ, რომელშიც თავადაც მონაწილეობდნენ.

მაზერში რომ ჩავედი ნინო კვიციანი, ჩემი ბიძების დედინაცვალი, უკვე ხანდაზმული იყო, სიარულიც საგრძნობლად უჭირდა. სამაგიეროდ ისეთი ამბები იცოდა, მისი მოთხრობილი ისტორიები ჩემი მეხსიერებიდან ახლაც არ წაშლილა. ერთმა მეზობელმა მითხრა, ძალიან ცნობისმოყვარე და გულადი ქალი იყოო. ამიტომაც გამბედაობა ჰყოფნიდა დაუფარავად ესაუბრა დაფარულ ამბებზეც საღამოობით შეშის ღუმელთან სხდომისას. ბექირბ დადეშქელიანის დედაზე ყვებოდა, ეგეთი ქალი მთელს სვანეთში არ მოიძებნებოდაო. ახალი სიცოცხლე და სული შემოიტანა სვანეთშიო. ხეობის ქალებთან ერთად, ქსოვილებისგან ლამაზ ტანსაცმელს კერავდა, ხის ფიცრებისგან ბილიკებს აკეთებინებდა ხელოსნებს და დადიოდნენ ახალგაზრდა ქალები კაბების ფრიალით და ლამაზი სამკაულებით, ნაირნაირი ჩაფრასტებით და მხრებამდე ჩამოწეული საყურეებითო. რასაკვირველია „პოდიუმი“ წარმოვიდგინე. ნეტა სად ჰქონდა ნანახი, ან ქსოვილები საიდან ჩამოქონდა და რომ ქალების გასართობად გადააქცია ეს ყველაფერი. ისე როგორც ცხენებით გასეირნება შიხრის ველზე ხეობის ქალებისთვის.
ზემო სვანეთი: მაზერის კოშკის ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა
მესტიის მუზეუმში რომ ინახება ქალის უნაგირი, იმ უნაგირის სახელურს ვერცხლის კუს თავი ამშვენებდა თურმე. კიდევ თავსაბურავები, ზოგიც ყაბარდოდან, ბექირბის დედულეთიდან, ასევე ქამარ-ხანჯალი, თოფები, აღმოსავლური სკივრები და რაც დადეშქელიანების ოჯახებისთვის ყველაზე ძვირფასი იყო, წიგნები, რუკები და ფოტოები. სწორედ ნინო ბებო ყვებოდა როგორ გამოყარეს ბოლშევიკებმა 1924 წელს წიგნები და ფოტოები ბექირბის სახლიდან, ცეცხლი წაუკიდეს და მოკეთეებს თუ სამეზობლოს ახლოს მიკარების უფლებასაც კი არ აძლევდნენ. ხალხი ძალიან განიცდიდა, რომ ვერ გადაარჩინეს ვერც ბიბლიოთეკა და ვერც საგანძური, ფოტო-არქივი და ძველი რუკები, რომლებიც თემსაც ეკუთვნოდა. ამბობდნენ, ბევრჯერ გაისროლეს ხალხის დასაშინებლადო. რაც არ დაწვეს, თან წაიღეს და ვინ იცის რომელი ნივთი სად მოხვდა…
მაშინდელი მოსახლეობის გასართობი ძირითადად დღეობები იყო. თოვლიანი ზამთრის დროს თოვლის კოშკს აგებდნენ, რომლის ცენტრში ხის ძელს, ხოლო კენწეროში ჯვარს ამაგრებდნენ. დღესასწაულში მონაწილე ახალგაზრდობა, საცხოვრებლის ადგილმდებარეობის მიხედვით, გუნდებად იყოფოდა. ყველა გუნდი ცდილობდა კოშკის თავისი უბნის მხარეს წაქცევას, რაც კარგი მოსავლისა და ბარაქიანობის მიმნიშნებელი იყო. ასევე ჯვრის ხელში ჩაგდებასაც დიდი უპირატესობა ენიჭებოდა. შეჯიბრი მხიარულ განწყობას უქმნიდა მონაწილეებსაც და მაყურებლებსაც, რაც დიდ ჟივილ-ხივილს იწვევდა მთებით გარშემორტყმულ ხეობაში.
ჰორიეშმაოს დღესასწაულის დროს რკინის ჯოხების ერთმანეთზე კაკუნით და თოფის სროლით ეშმაკებსა და ალ-ქაჯებს აფრთხობდნენ.
მთელი წლის განმავლობაში უამრავი დღეობა ტარდებოდა, რომელთა რიცხვი ამჟამად შემცირდა, მაგრამ დღესაც სვანები მოწიწებით ასრულებენ რიტუალებს, სადაც საქონლისა და ადამიანთა მფარველი, ნაყოფიერების მიმნიჭებელი ღვთაებები, სულების თაყვანისცემისა და ცეცხლის დღეობები ფიგურირებენ; მღერიან მრავალხმიან სიმღერებს, რომელთა უძველესი ტექსტები მათ შორეულ წინაპრებზე, მონადირეებზე, ოქროს მწარმოებელ და მიწათმოქმედ ხალხზე მოგვითხრობენ, ასრულებენ ცეკვებს, რომლებიც მხოლოდ ამ კუთხისათვის არის დამახასიათებელი და თაობიდან თაობას გადასცემენ მისტიკურ ლეგენდებსა და ზღაპრებს.

ია თაბაგარი
